საბჭოს მიერ საქმეთა წარმოების წესი

1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს წესი არეგულირებს განცხადების საფუძველზე ქარტიის წევრის მიმართ წარმოების დაწყების, განცხადების განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, გამოქვეყნების და ქარტიასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
წარმოებისას საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ ქარტიით და საბჭოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკით. მისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო არ არის საქართველოს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
მუხლი 3
საქმისწარმოების ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
განცხადება – ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომლის ადრესატიც არის საბჭო და რომლითაც მოთხოვნილია ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დარღვევის ფაქტის დადგენა.
განმცხადებელი – ამ წესით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია ქარტიის დებულება და ამის შესახებ დადგენილი ფორმით მიმართავს საბჭოს. არ არის აუცილებელი, დარღვევა შეეხებოდეს ან/და უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებდეს განმცხადებელს.
ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა ქვეყნის მოქალაქე.
იურიდიული პირი – სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.
ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალსიწინებული ადმინისტრაციული ორგანო.
საბჭოს გადაწყვეტილება – საბჭოს მიერ ამ წესით დადგენილი წარმოების შედეგად მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც ადგენს წევრის მიერ ქარტიის დარღვევის ან დარღვევის არარსებობის შესახებ ფაქტს.
საბჭო – ქარტიის წესდებით გათვალისწინებული ორგანო.
საბჭოს წევრი – ქარტიის წესდებით გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც დადგენილი წესით აირჩევა ქარტიის საერთო კრების მიერ.
ქარტიის წევრი – ქარტიის წესდებით გათვალისწინებული ქარტიის წევრი.
საბჭოს სამდივნო – საბჭოსთან არსებული ორგანო, რომელიც ახორციელებს განცხადებებისა და საბჭოს სახელზე შემოსული სხვა დოკუმენტაციის, ასევე გასული კორესპონდენციების რეგისტრაციას, ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს საქმიანობაში, ამზადებს საქმეს განსახილველად და ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის სხვა მითითებებს.

2. საქმისწარმოების დაწყება
მუხლი 4
1. საბჭოში წარმოების დაწყების საფუძველია განცხადების წარდგენა.
2. განცხადების ფორმას ადგენს საბჭო.
3. განცხადების წარდგენა შეუძლია:
ა) ნებისმიერ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს;
ბ) ნებისმიერ იურიდიულ პირს;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოს;
მუხლი 5
1. განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს ქარტიის საბჭოს სამდივნო, რომელიც ამოწმებს განცხადების ფორმალურ მხარეს და მის შესაბამისობას საბჭოს მიერ დადგენილ ფორმასთან;
2. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საბჭოს სამდივნო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს და ეხმარება ამ ხარვეზის აღმოფხვრაში.
3. განცხადება რეგისტრაციის შემდეგ რიგითობის დაცვით ეგზავნება საბჭოს სამ წევრს, რომლებიც პროპორციულად უნდა წარმოადგენდნენ წესდების 8.2 მუხლით გათვალისწინებულ პირებს.
მუხლი 6
1. დასაშვებობის საკითხს წყვეტენ ამ წესის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრები.
2. საბჭოს წევრი, რომელიც მიიღებს განცხადებას დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, ვალდებულია, 5 დღის ვადაში გამოხატოს პოზიცია დასაშვებობის საკითხზე.
3. დასაშვებობის გადაწყვეტისას შესაძლებელია საბჭოს წევრმა:
ა) განაცხადოს თანხმობა განცხადების მიღებაზე;
ბ) განაცხადოს უარი განცხადების მიღებაზე;
4. წევრი განცხადების დასაშვებობის განხილვისას ამოწმებს შემდეგ საკითხებს:
ა) არის თუ არა განცხადება საბჭოს განსახილველი (თარიღი; წევრობა და ა.შ.);
ბ) შედის თუ არა დასმული საკითხის გადაწყვეტა საბჭოს კომპეტენციაში;
გ) მითითებულია თუ არა განცხადებაში ქარტიის კონკრეტული დებულება, რომლის დარღვევაზეც დავობს განმცხადებელი;
5. განმცხადებელმა საბჭოს უნდა მიმართოს შესაბამისი მასალის გავრცელებიდან 3 თვის განმავლობაში. ამ ვადის დარღვევით შეტანილი განცხადება არ განიხილება და ამ საფუძვლით განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დასაშვებობის ეტაპზეც.
6. საბჭოს უარი განცხადების დასაშვებობის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
7. თუ საბჭოს წევრი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიჩნევა, რომ მან თანხობა განაცხადა დასაშვებობის გადაწყვეტისას.
8. დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას განცხადება მიღებულად ჩაითვლება, თუ ორმა წევრმა თანხმობა განაცხადა მის დასაშვებობაზე.

3. განცხადების განხილვის მომზადება
მუხლი 7
განცხადების განხილვას ამზადებს საბჭოს სამდივნო, რომლის თანამშრომლები არ არიან საბჭოს წევრები.
საბჭოს სამდივნოს თანამშრომლებთან ქარტიის დირექტორი აფორმებს შრომით ხელშეკრულებას და ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას.

მუხლი 8
1. განცხადების დასაშვებობის განხილვისას დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში სამდივნო განცხადებისა და თანდართული მასალების ელექტრონულ ვარიანტს უგზავნის საბჭოს ყველა წევრს.
2. სამდივნო ვალდებულია, დასაშვებობის გადაწყვეტისთანავე შეატყობინოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო თუ განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული, ამის შესახებ ეცნობება ქარტიის ხელმომწერ წევრსაც, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება და მიეცემა საშუალება, გაეცნოს საქმის მასალებს, ასევე, წარმოადგინოს არგუმენტები და შესაბამისი მასალები. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მედიაციის გზით, უგზავნის წინადადებას ქარტიის წევრს იმ ღონისძიების შესახებ, რომლის განხორციელებამაც შეიძლება საბჭოს თავიდან აარიდოს საქმის განხილვა და საქმე დასრულდეს მორიგებით. საბჭოს შეუძლია აღნიშნული წინადადებით მიმართოს მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

მუხლი 9
საბჭოს წევრები მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში უფლებამოსილნი არიან სამდივნოს მოსთხოვონ საქმის განსახილველად აუცილებელი მასალების მოძიება.
სამდივნო ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 3 დღეში უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოთხოვას.
შესაბამისი ინფორმაციის მოძიების დასრულებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 1 თვისა, სამდივნო აცნობებს საბჭოს წევრებს აღნიშნულის შესახებ და პირველივე სხდომაზე უზრუნველყოფს მომზადებული საქმის განხილვის შესაძლებლობას.

4. განცხადების განხილვა
მუხლი 10
1. განცხადებას საბჭო იხილავს კოლეგიურად.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3.
3. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 5 ხმისა.
4. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

მუხლი 11
1. საბჭოს სხდომას ხსნის და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარე აცნობს წევრებს და მხარეებს განსახილველ საკითხს, აღწერს განცხადების შინაარსს, მოთხოვნას, წევრისაგან შემოსულ ახსნა–განმარტებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გარემოებებს, რაც ცნობილია საბჭოსათვის. ასევე წარმოადგენს საბჭოს მიერ მოძიებულ ინფორმაციას.
3. განმცხადებელი საკუთარ პოზიციას წარადგენს წერილობით.
4. წევრი საკუთარ პოზიციას წარმოადგენს ასევე წერილობით.
5. საბჭოს წევრებს და თავმჯდომარეს უფლება აქვთ, შეკითხვები დაუსვან მხარეებს.
6. საბჭო სხდომის დასრულების შემდეგ გადის გადაწყვეტილების მისაღებად.

5. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 12
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად. საბჭოს წევრების თათბირი კონფიდენციურია. ყველა წევრს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება გდასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.
3. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს 5 წევრი მაინც.

მუხლი 13
1. გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი სახით.
2. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. საბჭოს ყველა წევრი, რომელიც ესწრებოდა საქმის განხილვას, ვალდებულია, ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას.
4. საბჭოს წევრი, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება გადაწყვეტილებას.
5. გადაწყვეტილება შედგება 4 ნაწილისაგან: შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო.

მუხლი 14. გადაწყვეტილების საჯაროობა
1. საბჭოს გადაწყვეტილებები საჯაროა და თავსდება მის ვებ პორტალზე;
2. საბჭოს სხდომა საჯაროა, თუ განსახილველი საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, საბჭო თავად არ დახურავს მას.

მუხლი 15
საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც ამ წესით არ არის რეგლამენტირებული, წყდება საბჭოს მიერ.

მთვლელი