მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (შემდგომში - ქარტია) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის (შემდგომში სჟექ) შესრულების უზრუნველსაყოფად და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საქმისწარმოების წესისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. ქარტიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ქარტია დაფუძნებულია 2009 წლის 04 დეკემბერს.
1.3. ქარტია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
1.4. ქარტიის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი,
მუხლი 2
მიზნები
2.1. ქარტიის მიზნებია:
ა) ჟურნალისტური ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;
ბ) საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (სჟექ) დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ჟურნალისტთა თვითრეგულაციის მექანიზმების შექმნა, დამკვიდრება და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება;
დ) საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ.
მუხლი 3
საქმიანობის ფორმები
3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ქარტია:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (სჟექ) დაცვის მექანიზმის მუშაობას;
ბ) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის;
გ) ეწევა კვლევით, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
დ) ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან;
ე) ეწევა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;
ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, პროფესიულ გაერთიანებებთან;
ზ) შეუძლია, შექმნას ქარტიის სტრუქტურული ერთეულები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
თ) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს;
ი) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.
მუხლი 4
წევრობა
4.1. ქარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის მიზნებს.
4.2. ქარტიის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ქარტიის საბჭოს, რომელიც უნდა შეიცავდეს 2 რეკომენდატორი ქარტიის წევრის შესახებ მითითებას ან მისი ჟურნალისტური საქმიანობის დამადასტურებელ სხვა სარწმუნო დოკუმენტს. საბჭო წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
4.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ქარტიის საქმიანობას, თუმცა, ვერ აკმაყოფილებს ქარტიის წევრის მოთხოვნებს, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნას ქარტიის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ქარტიის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.
4.4. ქარტიის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსითა და უფლებამოსილებით სარგებლობენ.
4.5. ქარტიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევაში:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საბჭოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
დ) გარდაცვალებისას;
ე) უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
ვ) გარდაცვლილად გამოცხადებისას.
4.6 ქარტიის წევრს, რომელიც შეწყვეტს ჟურნალისტურ საქმიანობას, წევრობა შეუჩერდება შესაბამისი გარემოების აღმოფხვრამდე და კენჭისყრისას არ ჩაითვლება ქარტიის წევრთა სიაში.
4.7 ქარტიის ის წევრები, რომლებიც აგრძელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას და ამავდროულად დასაქმებული არიან ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და რომელიმე პოლიტიკური გაერთიანებაში, ვერ სარგებლობენ უფლებით, აირჩიონ ან არჩეულ იქნენ ქარტიის მმართველობით ორგანოებში, მონაწილეობა მიიღონ ქარტიაში (სჟექ), ქარტიის წესდებასა და ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ გამართულ კენჭისყრაში.
მუხლი 5
წევრთა უფლება-მოვალეობანი
5.1 გარდა ამ წესდებით გათვალისწიენებული გამონაკლისებისა, ქარტიის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს ქარტიის საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნას ქარტიის მმართველობის ორგანოებში;
გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ქარტიის პროგრამებში;
დ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ქარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ქარტიის საქმიანობის შესახებ, გარდა საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
ე) ქარტიის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ქარტიის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ატაროს ქარტიის ემბლემა.
5.2 ქარტიის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ქარტიის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ქარტიის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ქარტიის საქმიანობაში;
დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;
ე) გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით;
ვ) ჟურნალისტური საქმიანობისას მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი, ხოლო თუ იყენებს ფსევდონიმს, უზრუნველყოს მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
მუხლი 6
საერთო კრება
6.1. ქარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ქარტიის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა საბჭოს მიერ და ტარდება ყოველი წლის დეკემბერში;
6.2. საერთო კრების დღის წესრიგში, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების საკითხის შეტანას წყვეტს საბჭო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა ქარტიის წევრთა არანაკლებ ერთი მეათედის მოთხოვნით.
6.3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ქარტიის წევრთა 1/4 მაინც. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
6.4. საერთო კრება:
ა) წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ქარტიის წესდებას და ცვლილებები და დამატებები შეაქვს მასში, გარდა დანართი #2-სა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრთა სია);
ბ) ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს საბჭოს წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;
გ) ისმენს ქარტიის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;
დ) ამტკიცებს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ქარტიის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ე) 3 წლის ვადით ირჩევს ქარტიის სარევიზიო კომისიას;
ვ) წევრთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ქარტიის რეორგანიზაციის შესახებ;
ზ) წევრთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;
6.5. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ქარტიის საბჭოს მიერ:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) აღმასრულებელი დირექტორის ან ქარტიის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს ორი თვისა;
გ) სარევიზიო კომისიის ინიციატივით.
6.6 საბჭოს არჩევას, საერთო კრებაზე სხვადასხვა საკითხზე ფარული და ღია კენჭისყრისა და წილისყრის ჩატარებას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია, რომელიც აირჩევა ქარტიის წევრთაგან არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. საარჩევნო კომისიას შეიძლება დახმარებას უწევდნენ სხვა პირები, რომლებიც არ არიან ქარტიის წევრები, მაგრამ მათი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით აუცილებლად იქნება მიჩნეული მათი მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში.
მუხლი 7
ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
ქარტიის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და საბჭო, ხოლო საბჭოს ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას – საბჭოს თავმჯდომარე;
მუხლი 8
საბჭო
8.1. ქარტიის ხელმძღვანელი ორგანოა 9 წევრისაგან შემდგარი ქარტიის საბჭო.
8.2 ქარტიის საბჭოს წევრები აირჩევიან კვოტირების სისტემით: 3 წევრი აირჩევა იმ ჟურნალისტებისაგან ან/და რედაქტორებისაგან, რომელთა რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ხოლო 6 წევრი იმ ჟურნალისტებისაგან ან/და რედაქტორებისაგან, რომელთა რეგისტრაციის ადგილი არ არის თბილისი.
8.3 საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება (ეს დებულება ამოქმედდეს პირველი საბჭოს არჩევის შემდეგ).
8.4 საბჭოს შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით. საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა საბჭოს წევრად არჩევის თაობაზე.
8.5 საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭოში არ არის განსახილველად მომზადებული არც ერთი საქმე და არ არის გადასაწყვეტი საბჭოს წინაშე დასმული სხვა საკითხები.
8.6 რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც საქმისწარმოების წესით არ არის გათვალისწინებული.
8.7 საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
8.8 საბჭო:
ა) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ქარტიის წევრებს;
ბ) ქარტიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ერთი თვით ადრე;
გ) კონკურსის წესით ნიშნავს აღმასრულებელი დირექტორს და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას;
დ) ფარული კენჭისყრით წყვეტს ქარტიის წევრად მიღების საკითხებს;
ე) ამტკიცებს ქარტიის დებულებას;
ვ) საქმისწარმოების წესის შესაბამისად განიხილავს ქარტიით (სჟექ) გათვალისწინებული ეთიკური ნორმების დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებს;
ზ) სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ქარტიის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ქარტიის მიზნებს, ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
თ) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;
ი) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ქარტიის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
კ) ამტკიცებს ქარტიის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშeს საერთო კრებისათვის წარსადგენად;
ლ) ამტკიცებს ქარტიის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;
მ) წყვეტს ქარტიის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;
ნ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ყოველკვარტალურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) ადგენს ქარტიის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;
პ) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ჟ) თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ქარტიის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;
რ) წესდებით განსაზღვრულ შემთხვევაში ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს საბჭოს წევრს და აღმასრულებელ დირექტორს;
ს) აფუძნებს ქარტიის საწარმოებს და აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
ტ) წყვეტს ყველა სხვა საკითხს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.
8.6. საბჭოს წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) ქარტიის წევრობის შეწყვეტისას;
ბ) ქარტიის წევრობის შეჩერებისას;
გ) ამ წესდების 4.7 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას;
8.9 საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან საბჭოს წევრი შეირჩევა საბჭოს მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
8.10 საგამონაკლისო დებულება – საბჭოს პირველი შემადგენლობა აირჩევა შემდეგი წესის დაცვით: თბილისში რეგისტრირებული საბჭოს წევრთაგან საბჭოს წევრობის ის კანდიდატი, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, აირჩევა 3 წლის ვადით, მე-2 ადგილზე გასული – 2 წლის ვადით, ხოლო მე-3 ადგილზე გასული – 1 წლის ვადით. აღნიშნული წესი გამოიყენება იმ წევრების მიმართაც, რომლებიც არ არიან თბილისში რეგისტრირებულები, მათი რაოდენობის შესაბამისად.
8.11 საბჭო ქარტიის (სჟექ) დარღვევის შესახებ განცხადების განხილვისას ხელმძღვანელობს საბჭოს საქმისწარმოების წესით, რომელიც დამტკიცებულია საერთო კრების მიერ და არის ამ დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი (დანართი 1).
მუხლი 9
თავმჯდომარე
9.1. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრთაგან საბჭოს პირველივე სხდომაზე, რომელსაც უძღვება უხუცესი წევრი, 1 წლის ვადით. არჩევნები ტარდება ღია კენჭისყრით. თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ 5 ხმისა. თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ყველა წევრს.
9.2 ქარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევისთანავე. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2 ჯერ.
9.3. თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს ქარტიას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
გ) საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს ქარტიის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების შესახებ.
დ) უძღვება ქარტიის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას საბჭოს მიერ დადგენილი წესით;
ე) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ვ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;
ზ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს
9.4. ქარტიის საბჭოს წევრთა და თავმჯდომარის ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს საბჭო.
მუხლი 10
აღმასრულებელი დირექტორი
10.1 აღმასრულებულ დირექტორს ერთი წლის ვადით კონკურსის წესით ნიშნავს საბჭო. აღმასრულებელ დირექტორს საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაუგრძელდეს ერთი წლის ვადით.
10.2 აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება იყოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი 25 წლის ასაკიდან, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება, კარგი საქმიანი რეპუტაცია, მმართველობითი გამოცდილება და აკმაყოფილებს მის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელსაც განსაზღვრავს საბჭო.
10.3 აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს ქარტიას მესამე პირებთან, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ბანკებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფარგლები, აგრეთვე, მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
10.4 იმ საკითხთა ნუსხა, რომლის გადაწყვეტის უფლება არ გააჩნია აღმასრულებელ დირექტორს საბჭოს თანხმობის გარეშე, განისაზღვრება საბჭოს მიერ.
10.5 აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია, საბჭოს ყოველკვარტალურად წარუდგინოს ანგარიშები.
10.6 აღმასრულებელ დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით;
დ) 2 თვის მანძილზე უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში;
10.7 აღმასრულებელი დირექტორი ქარტიის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად. ის ქარტიისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებს პირადად.
10.8. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) მოქმედებს ქარტიის სახელით და საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების ფარგლებში წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარის და საბჭოს უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ 3 თვეში ერთხელ (ყოველკვარტალურად) ანგარიშს აბარებს საბჭოს;
გ) საბჭოს მიერ დადგენილი წესით განკარგავს ქარტიის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;
დ) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
ე) დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ქარტიის სახელით;
ვ) საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს;
ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს ქარტიის თანამშრომლებს;
თ) ზედამხედველობს ქარტიის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
ი) ხელს აწერს ქარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს.
10.9 აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით;
10.10 აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე (შემდეგში ქარტიის თავმჯდომარე).
მუხლი 11
სარევიზიო კომისია
11.1. ქარტიის თავმჯდომარის, საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) თანამდებობის პირების მიერ ქარტიის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს ქარტიის სარევიზიო კომისია, რომელსაც ორი წლის ვადით სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება. სარევიზიო კომისია არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში საკუთარ წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს. სარევიზიო კომისია მუშაობს მის მიერ შემუშავებული რეგლამენტით.
11.2. სარევიზიო კომისიაში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს წევრი ან მუდმივი ანაზღაურების მქონე თანამშრომელი.
11.3. სარევიზიო კომისია წელიწადში ერთხელ მაინც აწყობს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზიას და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციას. რევიზიის შედეგები მოხსენდება საბჭოსა და მორიგ საერთო კრებას. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით.
11.4. სერიოზული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სარევიზიო კომისია იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომას ან რიგგარეშე საერთო კრებას და გაუძღვება მას.
11.5. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ სარევიზიო კომისიის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან სარევიზიო კომისიის წევრი შეირჩევა კომისიის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული სარევიზიო კომისიის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 12
მრჩეველთა საბჭო
ქარტიის საკონსულტაციო ორგანოა საბჭოს მიერ შვიდი წევრისაგან შექმნილი ქარტიის მრჩეველთა საბჭო. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საბჭო. მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. მრჩეველთა საბჭოს სხდომები მოიწვევა დებულებით განსაზღვრულ ვადებში და წესით ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს, ან სარევიზიო კომისიის ინიციატივით.
მუხლი 13
ქარტიის ქონება
13.1. ქარტიის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
13.2. ქარტიის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
13.3 მიღებული დაფინანსების წყაროს მიუხედავად, ქარტია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია.
მუხლი 14
ქარტიის საქმიანობის შეწყვეტა
14.1 ქარტიის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ქარტიის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
14.2. ქარტიის ლიკვიდაციას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, თუ სხვა რამ არ გადაწყდება;
14.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
0 коммент.:
Отправить комментарий