ფონდი ,,ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
გადაწყვეტილება N 2
ქ. თბილისი 2010 წლის 6 მაისი

საქმეზე: ფონდი ,,ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:
ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე
ხათუნა გოგაშვილი
ნინო ზურიაშვილი
მერაბ მერკვილაძე
ირაკლი აბსანძე
მაია მეცხვარიშვილი
ლია ჩახუნაშვილი

განმცხადებელი: ფონდი “ინკლუზივი”
წევრი: ალექსანდრე ელისაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

2010 წლის 22 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ფონდ „ინკლუზივის“ თავმჯდომარემ, პაატა საბელაშვილმა, განცხადებით მიმართა. განცხადება დასაშვებობის შემოწმების მიზნით გადაეგზავნა საბჭოს სამ წევრს და განცხადება დაშვებულ იქნა განსახილველად.
წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ფონდ „ინკლუზივის” თავმჯდომარეს - პაატა საბელაშვილს მიაჩნდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა - ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე მუხლი, რომლის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
როგორც განმცხადებელი პაატა საბელაშვილი აღნიშნავს, „2010 წლის 9 მარტს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გასულ თოქ-შოუ „ბარიერში“, რომლის წამყვანი ალექსანდრე ელისაშვილია, მის მიერ მიწვეული სტუმრების მხრიდან (მალხაზ გულაშვილი, გუბაზ სანიკიძე) ადგილი ჰქონდა ჰომოსექსუალი თანამოქალაქეების დაცინვას და დამცირებას. ბატონმა ელისაშვილმა არ აღკვეთა ეს საუბარი, არამედ შეუერთდა საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეგ ჩვენი საუბრის თემა არ არის“. `სტუმართაგან არც ერთს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია“.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მალხაზ გულაშვილის გამონათქვამი - „მიდის ჰომოსექსუალიზმის და ლესბოსელობის აღვირახსნილი პროპაგანდა“ - „ეს უკვე არის დისკრიმინაციული გამონათქვამი, რადგან ამის პროპაგანდა არ შეიძლება. შეიძლება ლესბოსელებმა, ჰომოესექსუალებმა და ტრანსგენდერმა ადამიანის უფლებების პროპაგანდა გააკეთონ, მაგრამ ჰომოსექსუალების და ლესბოსელობის პროპაგანდა ნიშნავს, რომ ეს არის ავადმყოფობა ან რამე ასოციალური ქცევა, რომელიც შეიძლება შეიძინო ვინმეს ზეგავლენით“.
გულაშვილის გამონათქვამი, რომ „ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას შეებრძოლება“ პირდაპირი მოწოდებაა, რომ შეებრძოლება. „მან გამოიყენა ეს საშუალება [კავკასიის” ეთერი] და წინააღმდეგობა არ გასწევია იმისათვის, რომ ალექსანდრე ელისაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი ეთერი არ გამოყენებულიყო ასეთი ტიპის დისკრიმინაციის წასახალისებლად. ამის აღსაკვეთად არაფერი გაკეთებულა და მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ასე რომ, ეს იყო ირიბი ზემოქმედება მაყურებლის ნეგატიური აზრის ფორმირებაზე ამ ჯგუფის მიმართ“.
ჰომოსექსუალებთან მიმართებით გადაცემაში [119-ე წუთზე] ხელმეორედ წამოწყებულ დისკუსიასთან დაკავშირებით პაატა საბელაშვილი აცხადებს: „მე ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ იყო დაბალანსებული და იმან [გუბაზ სანიკიძემ] საერთოდ გააღრმავა ის ტენდენცია, რაც გულაშვილმა დაიწყო.”
განმცხადებელი მოწვეულ იქნა სხდომაზე, სადაც მან კიდევ ერთხელ წარმოადგინა საკუთარი პოზიცია სიტყვიერად.
ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი წერილობითი პოზიცია სხდომის დაწყების წინ წარმოადგინა საბჭოს წინაშე და ასევე უპასუხა საბჭოს წევრთა შეკითხვებს. ალექსანდრე ელისაშვილის პოზიცია გამოიხატა შემდეგში:
„ბატონი საბელაშვილის განცხადება მთლიანად აგებულია გადაცემის იმ მონაკვეთის არაკეთილსინდისიერ ინტერპრეტაციაზე, რომელმაც განმცხადებლის აღშფოთება გამოიწვია. განცხადებაში დამახინჯებულია როგორც ფრაზები, ასევე კონტექსტი და არაადეკვატურადაა ინტერპრეტირებული ჩემი, როგორც წამყვანის “ემოციები” თუ „რეპლიკები“.
„გადაცემის ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ბატონმა გულაშვილმა სრულიად დაუგეგმავად წამოიწყო საუბარი ღირებულებით საკითხებზე, რასაც მას ვერანაირი კანონი და კოდექსი ვერ აუკრძალავს. ასევე ნათლად ჩანს, რომ გადაცემის წამყვანს ვერ ექნებოდა ვერანაირი სხვა რეაქცია სტუმრის ამ განცხადებაზე, გარდა იმისა, რაც ჰქონდა“.
„არც ამ განცხადებების გაკეთებისას ჩამითვლია და არც ახლა ვთვლი, რომ ეს განცხადებები შეიცავდა დისკრიმინაციის წახალისებას“.
„ბატონი საბელაშვილი განცხადებაში წერს, რომ მე ვალდებული ვიყავი აღმეკვეთა ეს საუბარი. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა განცხადებები დისკრიმინაციული, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, მე ისინი აღვკვეთე“.
რაც შეეხება ხელმეორედ წამოწყებულ დისკუსიას, „ეს ნაწილიც არანაირად არ შეიცავდა დისკრიმინაციის შემცველ ან წამახალისებელ განცხადებებს. ვთვლი, რომ ბატონ გულაშვილს აქვს სრული უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება“.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მან ამ უკანასკნელ ეპიზოდშიც იმოქმედა: „მაგ შემთხვევაში ჩემი ყველაფრის ღონება იყო ის, რომ თინა ხიდაშელმა გასცა ადეკვატური პასუხი, ისევე როგორც გუბაზ სანიკიძემ“.
საბჭოს წევრის კითხვაზე - „სომხების, ებრაელების ან შშმპ-ების აღვირახსნილი პროპაგანდა რომ ეხსენებინათ თქვენს გადაცემაში, რეაქცია გექნებოდათ?“, ელისაშვილი პასუხობს: „კი, ჩავერეოდი“.
მალხაზ გულაშვილის განცხადებაზე, რომ „ჩვენ ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას შევებრძოლებით“ ელისაშვილმა თქვა: „ამ ფრაზაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვნახე გადაცემა. ეს ფრაზა დავაფიქსირე შემდეგ, მაშინ ეს ფრაზა არ დამიფიქსირებია. დღეის გადასახედიდან ვკითხავდი, რომ `შევებრძოლები“-ში რას გულისხმობდა“.
ალექსანდრე ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გულაშვილს არ დაურღვევია. „ამ ლოგიკით ბატონ პეტრე მამრაძეს უფრო მეტი საფუძველი აქვს, გადაცემის წამყვანი დაადანაშაულოს ქარტიის მე-7 მუხლის დარღვევაში, ვინაიდან ბატონმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისნაირებისთვის გამარჯობის თქმაც დიდი პატივია და იმაზეც დიდი მადლობა უნდა თქვან მამრაძემ და მისნაირებმა, რომ გამარჯობას ეუბნებიან. ქარტიის მე-7 მუხლი ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციის წახალისების საფრთხესაც, რაც ჟურნალისტს კარგად უნდა ესმოდეს. ვაღიარებ, რომ არ აღვკვეთე გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებები, შესაბამისად, გამოდის, რომ ბატონი პეტრე პოლიტიკური შეხედულებების გამო აღმოჩნდა დისკრიმინირებული, ვინაიდან გუბაზ სანიკიძემ, თავისუფალ ინტერპრეტაციას თუ მივყვებით, მოუწოდა მოქალაქეებს გამარჯობა არ უთხრან პეტრე მამრაძეს. ამ ლოგიკით, ნებისმიერ განცხადებაში, რომელიც კეთდება პირდაპირ ეთერში, თეორიულად შესაძლოა დავინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე სახის დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამ ლოგიკით საერთოდ უნდა აიკრძალოს პირდაპირ ეთერში გადაცემის გამართვა”.
მოძიებული/წარდგენილი და შეფასებული/გამოკვლეული ინფორმაციისა და ასევე მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტებების შესაბამისად საბჭომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ფონდ „ინკლუზივის” თავმჯდომარემ. პაატა საბელაშვილის განცხადება „ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად ცნობილ იქნა დასაშვებად.
2. იმისათვის, რომ საქმე განიხილოს ქარტიის საბჭომ, ჟურნალისტი, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევს ქარტიის დამრღვევად, უნდა იყოს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” წევრი. საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” წევრი. შესაბამისად, ის იღებს ვალდებულებას, დაიცვას წესები, რაც დადგენილია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებით. კერძოდ, მან როგორც ქარტიის წევრმა, წესდების 5.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით აიღო ვალდებულება „პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით“. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს ჟურნალისტის მიერ ეთიკური სტანდარტის დაცვის (თუ დარღვევის) საკითხებზე.
3. 2010 წლის 9 მარტს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გავიდა თოქ-შოუ “ბარიერი”, რომელსაც უძღვებოდა ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. “ბარიერი” ეძღვნებოდა ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტს მოსკოვში. დაახლებით 95-ე წუთზე ერთ-ერთმა სტუმარმა, გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა წამოიწყო საუბარი ღირებულებებზე და განაცხადა, რომ “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრია ამ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ. რაც ხდება ხო, პროპაგანდა მიდის აღვირახსნილი. რა უნდათ, რომ საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდრონ? თუ რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით, რასაც საინფორმაციო საშუალებებში მასობრივად პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება ეს გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში ხდება, რომელმაც სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა, წამებაზე არ შეუკივლია? ამ ქვეყანაში ხდება? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი ეს მოძრაობა შევებრძოლებით აი ესეთ გამოვლინებას”.
ამის შემდეგ გულაშვილი გადავიდა ტელევიზიების კრიტიკაზე და იქვე განაცხადა: „ტელევიზიები რომ გადაიქცა ბოდიში და მაპატიეთ მაყურებელმა, პრეზერვატივს, რო დაემსგავსა ლოგო, ფრთიანი ლოგო ბადრი პატარკაციშვილის ნაოცნებარი ტელევიზია. რა პროპაგანდას აწარმოებს და რას აუბედურებს და აპარტახებს ამ ხალხს. რა ხდება გამაგებინეთ”. ალექსანდრე ელისაშვილმა მას ამ დროს შეაწყვეტინა საუბარი: „კარგით, იმ არხზე არ გვინდა, იმ არხზე აღარ გვინდა, კარგით“.
მოგვიანებით [119-ე წუთზე], გულაშვილმა ისევ წამოიწყო საუბარი: „გვჭირდება ევროპული ღირებულებები კი არა, იმიტომ რომ ევროპაში ღირებულება არის, ამტკიცებს ევროსაბჭო ერთსქესიან ქორწინებას, მე ამ ღირებულებას ვერ შევუერთდები ვერანაირად“; „ფაქტია, რომ ევროსაბჭოში ბოდიში და ცისფერები თამაშობენ წამყვან როლს“.
მალხაზ გულაშვილის ამ გამონათქვამებზე მოწვეულ სტუმართაგან რეაგირება არავის მოუხდენია. ეს გამონათქვამები კომენტარის გარეშე დატოვა გადაცემის წამყვანმაც.
4. ალექსანდრე ელისაშვილმა ზეპირი მოსმენის დროს დასმულ კითხვაზე უპასუხა შემდეგი: „იქ [გადაცემაში] რომ ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობაზე საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე აღვკვეთე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, არასოდეს ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არ ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობიარობა მაქვს. მე ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ”.
5. უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ ჩაერეოდა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა სიძულვილის ენას ფრაზაში: „ჩვენ ყოველგვარ ასეთ გამოვლენას შევებრძოლებით“, ელისაშვილმა უპასუხა: „ამ ფრაზაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვნახე გადაცემა. ეს ფრაზა დავაფიქსირე შემდეგ. მაშინ ეს ფრაზა არ დამიფიქსირებია. დღეის გადასახედიდან, ვკითხავდი „შევებრძოლები“-ში რას გულისხმობდა“.
სამოტივაციო ნაწილი
1. იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს, დაარღვია თუ არა მე-7 მუხლი წევრმა, თავდაპირველად მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, თუ რა ვალდებულებას აწესებს წევრისათვის ქარტიის ხსენებული მუხლი. საბჭო მიიჩნევს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა. „ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“ ნიშნავს, რომ პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ის უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს.
თუ გადაცემა ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამები უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი შეიძლება ამოუჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
2. საბჭო არ იზიარებს ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველ შემთხვევაში მან აღკვეთა და თემასთან დააბრუნა საუბარი. ჟურნალისტმა მართლაც შეაწყვეტინა გულაშვილს, თუმცა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მან სრულად გამოხატა თავისი შეხედულება ჰომოსექსუალებზე და გადავიდა ტელევიზიების კრიტიკაზე. ელისაშვილმაც სწორედ ამ დროს შეაწყვეტინა სიტყვებით: „არ გვინდა იმ არხზე, იმ არხზე არ გვინდა“. მას არაფერი უთქვამს ჰომოსექსუალთა შესახებ.
3. საბჭო ასევე ვერ გაიზიარებს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 119-ე წუთზე, ჰომოსექსუალებზე მეორედ წამოწყებულ დისკუსიაში მან სიტყვა გადასცა თინა ხიდაშელს, „რომელმაც ადეკვატური პასუხი გასცა. ისევე როგორც გუბაზ სანიკიძემ“. ხიდაშელმა ისაუბრა სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებზე. ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით სტუმრებს აზრი არ გამოუთქვამთ.
4. საბჭო არ იზიარებს განმცხადებელ პაატა საბელაშვილის აზრს იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი „ზემოთ ხსენებული პირების [გადაცემის სტუმრების] ამაზრზენ ქირქილსაც დიდი აღტაცებით შეუერთდა“. ალექსანდრე ელისაშვილს მსგასი რეაქცია არ ჰქონია.
5. საბჭო იზიარებს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას შემდეგ ნაწილში: „მალხაზ გულაშვილს აქვს სრული უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები, თვლიდეს მას კავკასიური ტრადიციებისთვის მიუღებლად და გამოთქვამდეს საკუთარ აზრს ღიად, ისევე როგორც თუნდაც ევროპული ქვეყნების მრავალი მოქალაქე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს დებატები მსგავს თემებზე“. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანს, ალექსანდრე ელისაშვილს, ჰქონდა ვალდებულება, საზოგადოებისთვის ეცნობებინა განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ.
6. ალექსანდრე ელისაშვილი საბჭოს ხშირად მიუთითებდა გულაშვილის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც არ შეზღუდა გადაცემის მსვლელობისას. გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატიული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობიური მოსაზრებების პროპაგანდა.
ჯონ სტიუარტ მილი ცნობილ ნაწარმოებში ფიქრისა და დებატების თავისუფლების შესახებ ამბობდა: „თუ მოსაზრება სწორია, კაცობრიობას ერთმევა შესაძლებლობა გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე, ხოლო თუ მცდარია, ის კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს - სიმართლის მკაფიო აღქმას, რაც მისი შეცდომასთან შეჯახებით წარმოიშობა“.
ამ შემთხვევაში საზოგადოებას არ მიეცა „შესაძლებლობა გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე“. ამით შეილახა მისი ინტერესი - არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი, არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია კრიტიკის გარეშე. ეს არის დებატის მიზანი, რომელიც ამ გადაცემაში (ჰომოსექსუალების ნაწილში) არ შედგა.
7. „იქ [გადაცემაში] რომ ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობაზე საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე აღვკვეთე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არასოდეს ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობიარობა მაქვს. მე ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ“, _ ალექსანდრე ელისაშვილის ეს განცხადება, საბჭოს აზრით, არის იმის ირიბი დადასტურება, რომ გულაშვილის განცხადებები მართლაც ჰომოფობიური იყო და ჟურნალისტი უნდა ჩარეულიყო.
საბჭოს მიაჩნია, რომ როგორც ჟურნლისტებს, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს დაბალი ცნობადობა ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ.
8. ალექსანდრე ელისაშვილის აზრით, „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ბატონი გულაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები 9 მარტის გადაცემა `ბარიერში” მკაფიოდ და ცალსახად გასცდა გამოხატვის თავისუფლების ზღვარს“. საბჭოს მიაჩნია: გასცდა თუ არა მალხაზ გულაშვილის გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლების ზღვარს და დაარღვია თუ არა კანონი და კონსტიტუცია, საბჭოს შესაფასებელი არ არის. საბჭო არ არის ის ორგანო, რომელიც ადგენს ფაქტის კანონთან შესაბამისობას.
საბჭოს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალი მოქალაქეები არიან სხვა ყველა მოქალაქის თანასწორნი და აცხადებს, რომ მალხაზ გულაშვილის გამონათქვამები ჰომოსექსუალობაზე (ტონალობის გათვალისწინებით) – „ეს არის ფსევდოლიბერალური ღირებულებები“, „აღვირახსნილი კამპანია მიდის”, “ასეთი რამეები საქართველოში შეიძლება იყოს დაცული?!”, “შევებრძოლებით ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას“, „ფაქტია, რომ ევროსაბჭოში, ბოდიში და ცისფერები თამაშობენ მთავარ როლს“ - არის დისკრიმინაციული ხასიათის და აღვივებს სიძულვილს (ან უპატივცემულობას) ამ ჯგუფის მიმართ.
9. ტელეკომპანია „კავკასიის“ 9 მარტის გადაცემის - „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებოდა, მალხაზ გულაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა და წაახალისა ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია. გადაცემაში მოწვეული სტუმრებიდან საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუხატავს, ანუ საზოგადოებამ ვერ გაიგო ალტერნატიული აზრის არსებობის შესახებ. არც წამყვანმა ალექსანდრე ელისაშვილმა გამოხატა აზრი, რომ ჰომოსექსუალი მოქალაქეები საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არიან უფლებრივად თანასწორნი და საზოგადოების ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს. ამით ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პუნქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:
1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის დარღვევა;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდეს საბჭოს ბლოგზე და გავრცელდეს მედიით.

საბჭოს თავმჯდომარე:
ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე
ხათუნა გოგაშვილი
ნინო ზურიაშვილი
მერაბ მერკვილაძე
ირაკლი აბსანძე
მაია მეცხვარიშვილი
ლია ჩახუნაშვილი




საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის ელისო ჩაფიძის განსხვავებული აზრი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 6 მაისის N2 გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებთან დაკავშირებით
მხარს არ ვუჭერ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა გასაჩივრებულ გადაცემაში დაარღვია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მიმაჩნია, რომ სტუდიაში სტუმრად მოწვეული მალხაზ გულაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მას არ მოსწონს ერთსქესიანთა ქორწინება და შეებრძოლება ასეთ პროპაგანდას, მიუხედავად მისი აშკარად ნეგატიური დამოუკიდებულებისა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ, არის ამ სტუმრის მიერ გამოთქმული მოსაზრება და ის სრულიად თავსდება ევროკონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლების შესახებ
2. ჩემი ღრმა რწმენით, საქმეში `ფონდი ინკლუზივი - ელისაშვილის წინააღმდეგ~ საქმე გვაქვს ორი ფუნდამენტური ღირებულების დაპირისპირებასთან. პირველი ღირებულება გახლავთ გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე _ უმცირესობების უფლებების დაცვა. ვაღიარებ როგორც ერთი, ასევე მეორე ღირებულების უდიდეს მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, მივიჩნევ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანის მხრიდან მისი განსაკუთრებით სენსიტიური დამოკიდებულების გამო აღნიშნული პრობლემის მიმართ, ადგილი ჰქონდა სტუდიაში გამოთქმული მოსაზრებების განსაკუთრებით მგრძნობიარე აღქმას. ზოგჯერ კი მისი შეფასებები აშკარად არაადექვატურია, რაც, მაგალითად, გამოიხატება საჩივრის იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ ალექსანდრე ელისაშვილი შეუერთდა სტუდიაში საერთო ქირქილს და დაცინვას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპში ცალსახადაა მითითებული, რომ ჟურნალისტმა უნდა აღკვეთოს ადამიანის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ თუ როგორ უნდა აღკვეთოს, ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარემოებაზე და მათი ზუსტი ჩამონათვალი აშკარად შეიცავს საფრთხეს გამოხატვის თავისუფლების მიმართ. აღნიშნული გარემოების გამო მიმაჩნია, რომ ელისაშვილმა მოუწოდა მალხაზ გულაშვილს, საუბარი გაეგრძელებინა არა ამ, არამედ სხვა, რუსეთთან ურთიერთობის თემაზე.
3. მომჩივანის აზრით, გულაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა უმცირესობების მიმართ, რაც არ აღკვეთა წამყვანმა. ვფიქრობ, ნებისმიერი კრიტიკული და ნეგატიური მოსაზრების სიძულვილის ენად გამოცხადება ფრიად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან გულაშვილის სიტყვებში არ ჩანდა, კონკრეტულად რა გზით აპირებდა ის, წინააღმდეგობა გაეწია ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდისთვის. თუკი ეს წინააღმდეგობის გაწევა და `შებრძოლება~ ჯდება კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და ითვალისწინებს ღირებულებათა და მოსაზრებათა დაპირისპირებას, რატომ უნდა გამოვაცხადოთ ის უპირობოდ `სიძულვილის ენად~?
სამწუხაროდ, არც ეთიკის კოდექსით და არც ქართული კანონმდებლობით `სიძულვილის ენის~ მკაფიო განსზღვარება ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა მიმაჩნია, რომ გამონათქვამები, რომელიც შეიცავენ მოწოდებას ადამიანების რასობრივი, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა სახის განსხვავებულობის გამო ძალადობრივი გზით ანგარიშსწორების შესახებ ან და აღვივებს ამ სიძულვილს, ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად, თუმცა ამ კონკრეტელ შემთხვევაში ამისი ცალსახა მტკიცება გამიჭირდებოდა.
4. აღნიშნული გადაცემა გახლდათ პირდაპირი ეთერი, რომელშიც სტუმრები, გამოთქვამენ გასხვავებულ და ზოგჯერ ძალიან სადავო მოსაზრებებს. ავტორისა და წამყვანის დავალდებულება, გამოთქვას საკუთარი აზრი ყოველი სტუმრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, სრულ აბსურდამდე მიგვიყვანდა. სამწუხაროდ, ტელეეკრანიდან მხოლოდ მაღალი მორალისა და ზნეობის ადამიანები კი არა, ზოგჯერ ძალიან საეჭვო ღირებულებების ადამიანები გვესაუბრებიან და ყოველ მათ მოსაზრებაზე ავტორის კომენტარის მოსმენა და, მით უმეტეს, ავტორის დავალდებულება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, შეუძლებელს გახდიდა პირდაპირ ეთერში მუშაობას.
5. ვიზიარებ საბჭოს წევრთა და საჩივრის ავტორის სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ სასურველი იყო ალექსანდრე ელისაშვილს გამოეხატა თავისი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესებობის მიმართ საქართველოში არსებული სტიგმის გათვალისწინებით, თუმცა ამავე დროს მიმაჩნია, რომ თუკი საუბარია ჟურნალისტის მხრიდან ეთიკური ნორმის დარღვევაზე და არ არსებობს მყარი არგუმენტები და დარღვევის აშკარა ხასიათი, როგორც ეთიკის საბჭოს წევრი, ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპით, რომ ეჭვს, რომელიც ვერ დადასტურდება ეთიკის დამრღვევის წინააღმდეგ, ვერ მივიჩნევ გამამტყუნებელ გარემოებად.
ამავე დროს, პატივს ვცემ და ვაღიარებ საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

მთვლელი