ჩვენს შესახებ

2009 წლის 4 დეკემბერს, 138-მა ჟურნალისტმა, თბილისში საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის ასოციაცია დააფუძნა და ხელი მოაწერა ეთიკურ სტანდარტებს. დამფუძნებლებმა აირჩიეს ასოციაციის მონიტორინგის საბჭო და სარევიზიო კომისია. საბჭოში, სხვადასხვა ვადით, სამი თბილისელი და ექვსი რეგიონული ჟურნალისტი იმუშავებს. მონიტორინგის საბჭოში, რომელიც თვეში ორჯერ შეიკრიბება, საჩივრის შეტანა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ანუ ვინც ჩათვლის, რომ ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტი თავის სტატიაში მას არაეთიკურად მოექცა, მიმართავს საბჭოს. საბჭო ჟურნალისტის მიერ ეთიკური ნორმის დარღვევის ფაქტს, დადასტურების შემთხვევაში, თავის ანგარიშებში გამოაქვეყნებს. ჟურნალისტებმა საბჭოს წევრებად აირჩიეს 9 წევრი. ჟურნალისტებმა მონიტორინგის საბჭოში აირჩიეს ნინო ზურიაშვილი (გამომძიებელი ჟურნალისტი), ელისო ჩაფიძე (გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი), ლიკა ჩახუნაშვილი (ჟურნალისტიკის პედაგოგი), ეთერ თურაძე (გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი), მაია მეცხვარიშვილი („ახალი გაზეთი“ ქუთაისი), ხათუნა გოგაშვილი (რადიო „ჰერეთი“) თედო ჯორბენაძე („გაზეთი ბათუმელები“), ირაკლი აბსანძე (თავისუფალი ჟურნალისტი, ფოთი) და მერაბ მერკვილაძე („ტელეარხი 25“). სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაია მამულაიშვილი (რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე), რამაზ სამხარაძე (რადიო „ჰერეთის“ დირექტორი, „საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის“ თავმჯდომარე), ია ბობოხიძე („ახალი გაზეთის“ მთავარი რედაქტორი, ქუთაისი). საბჭოს თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, არჩეულია ეთერ თურაძე.

მთვლელი